დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი კახეთის რეგიონში ჩავიდა. მან სტიქიისგან ყველაზე მეტად დაზარალებული გურჯაანის, ყვარელის, თელავის და ლაგოდეხის რაიონები დაათვალიერა. პრემიერი ადგილზე გაეცნო სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს და ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან დეტალური ინფორმაცია მიიღო მის შედეგებზე. ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ვანო მერაბიშვილმა ხაზი გაუსვა უმოკლეს ვადებში კომუნიკაციების აღდგენის, დაზიანებული სახლების შეკეთების, სეტყვის შედეგად განადგურებული მოსავლის აღწერის და გადარჩენილი მოსავლის მოვლის აუცილებლობას. მოგვიანებით მან მთავრობის საგანგებო სხდომა ჩაატარა ქალაქ თელავში და კონკრეტული დავალებები მისცა მთავრობის წევრებს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების ჩასატარებლად. პრემიერი კახეთის რეგიონში უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში დარჩება და პირადად უხელმძღვანელებს აღდგენითსამუშაოებში ჩართულ უწყებებს.










