დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი, უმუშევრობის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამთავრობო პროგრამის ფარგლებში, დასაქმების სახელმწიფო მინისტრ პაატა ტრაპაიძესთან და დასაქმების აგენტთან ერთად სტუმრად იმყოფებოდა ვაზისუბნის დასახლებაში მცხოვრებ სუხიშვილების ოჯახში.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დღეიდან დაიწყო დასაქმების აგენტების მიერ უმუშევართა რეგისტრაცია. ვანო მერაბიშვილმა მონაწილეობა მიიღო ოჯახის უმუშევარი წევრების მიერ სარეგისტრაციო ანკეტის შევსების პროცესში. ოჯახის წევრებთან საუბრის დროს მან აღნიშნა, რომ რეგისტრაციის მიზანია დადგინდეს რა პროფესიის, ასაკის და გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მქონე ადამიანებს უჭირთ ყველაზე მეტად სამსახურის პოვნა და შესაბამისად აქცენტი გაკეთდეს მათ პროფესიულ გადამზადებაზე. გარდა ამისა, აღნიშნულ ბაზაში განთავსდება მონაცემები ქვეყნის მასშტაბით არსებულ ვაკანსიებზე.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, უმუშევართა და დამსაქმებელთა რეგისტრაციის შედეგად შეიქმნება ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზა, რომლის ყველა წევრსაც ექნება საკუთარი ელექტრონული მისამართი და სასურველი ვაკანსიის გამოჩენის შემთხვევაში მიიღებს ავტომატურ შეტყობინებას. შედეგად აღნიშნული ბაზა გახდება ერთგვარი ხიდი დამსაქმებელსა და სამუშაოს მაძიებელს შორის, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში უმუშევრობის დონის შემცირებას.








