13 ივლისს მთავრობის კანცელარიაში საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსმა პეტრე მამრაძემ გამართა პრესკონფერენცია. პრესკონფერენციაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, მან ილაპარაკა ,,ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქისთვის საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებში ავტონომიური სტატუსის განსაზღვრასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 5 ივლისის №373 განკარგულების თაობაზე.
განკარგულების პირველი პუნქტის მიხედვით ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქისათვის საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებში ავტონომიური სტატუსის, ხელისუფლების განხორციელების ძირითადი ფორმებისა და პრინციპების განსაზღვრის, მისთვის ფართო პოლიტიკური თვითმმართველობის მინიჭების თაობაზე შესაბამისი წინადადებების შემუშავების მიზნით, საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს:
ა) კომისიის შექმნა, კომისიის შემადგენლობისა და უფლებამოსილების განსაზღვრა,
ბ) კომისიის მუშაობაში ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი საზოგადოების აქტიური მონაწილეობა.
განკარგულების მეორე პუნქტის შესაბამისად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უზრუნველყოს:
ა) ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკების წარმოება და მოლაპარაკების პროცესის ხელმძღვანელობა;
ბ) ამ განკარგულებით გათვალისწინებული კომისიის მუშაობის კოორდინაცია და საქართველოს პრეზიდენტის ინფორმირება კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე.
პეტრე მამრაძემ აღნიშნა, რომ კომისიის კარი ღიაა ყველასათვის, ვინც მზად არის თანამშრომლობისთვის, მზად არის წარმოადგინოს წინადადებები ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საქართველოს ფარგლებში სტატუსის შესახებ. მოსალოდნელია, რომ კომისიის შემადგენლობაში დიმიტრი სანაკოევიც იყოს. ამჯერად მიმდინარეობს მუშაობა კომისიის წევრთა შემადგენლობის დასაზუსტებლად. აღნიშნული განკარგულებით არ არის განსაზღვრული კომისიის მუშაობის ვადები.
კომისიამ უნდა შეიმუშაოს სათანადო წინადადებები და წარუდგინოს საქართველოს პრეზიდენტს და მთავრობას.
კომისია აქტიურად ითანამშრომლებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ექპერტებთან.
საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი







