ზურაბ ნოღაიდელისა და სერგეი სტანიშევის ერ­თო­ბ­ლი­ვი პრესკონფერენცია

 15 ნოემბერს მთავრობის კანცელარიაში გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელისა და ბულგარეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის სერგეი სტანიშევის ერთობლივი პრესკონფერენცია.

ზურაბ ნოღაიდელი
მინდა საქართველოში მთავრობის სახელით მივესალმო ბულგარეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს სერგეი სტანიშევს. მისი ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, მოგვეცა შესაძლებლობა გველაპარაკა საქართველო-ბულგარეთს შორის არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის შესახებ.
განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის მიმდინარე სავაჭრო ურთიერთობები, რომელიც მზარდია. სავარაუდოდ, მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში სავაჭრო ბრუნვა 200%-ით გაიზრდება. როგორც ცნობილია, ამჟამად ევროკავშირთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებას თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე. შეხვედრაზე განვიხილეთ ამ საკითხში ბულგარეთის რესპუბლიკის შესაძლო მხარდაჭერა. მოგეხსენებათ, რომ ნატოში ჩვენი საკონტაქტო ქვეყანა ბულგარეთია და ძალიან ვაფასებთ ამ თანამშრომლობას. აგრეთვე, განვიხილეთ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები.

სერგეი სტანიშევი
ბულგარეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, მას საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ჰქონდა კონსტრუქციული საუბარი. საქართველო-ბულგარეთს შორის 1992 წელს დაწყებული დიპლომატიური ურთიერთობების ისტორიაში ეს არის ბულგარეთის პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტი საქართველოში. როგორც ცნობილია, ბულგარეთის რესპუბლიკა არის ევროსაბჭოს წევრი. სერგეი სტანიშევის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა იქნება მჭიდრო და ნაყოფიერი:
,,საქართველო დღეს ეკონომიკური განვითარების პროცესშია, ჩვენ ვისაუბრეთ ქვეყანაში ამ კუთხით მიმდინარე რეფორმებზე, აგრეთვე განვიხილეთ საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით, არის სწორი და პოლიტიკურად გამართლებული. თქვენს ქვეყანაში ეკონომიკური სტაბილურობა არის მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორი ევროპელი მეზობლებისათვის. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მედიასაშუალებებთან ურთიერთობებში მთავრობასა და ოპოზიციას ჰქონდეთ თანაბარი უფლებები. მივესალმები მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც არჩევნებზე მოწვეულნი არიან ეუთოს დამკვირვებლები. ეჭვი არ გვეპარება, რომ თქვენს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები წარმატებით წარიმართება. ჩვენ გვაქვს საკმაოდ კარგი პოლიტიკური ურთიერთობები და ბულგარეთი საქართველოს გაუზიარებს თავის გამოცდილებას ევროატლანტიკურ პროცესებთან დაკავშირებით" - განაცხადა სერგეი სტანიშევმა.

ბულგარელი ჟურნალისტის კითხვა საქართველოს პრემიერ-მინისტრს: ბატონო პრემიერ-მინისტრო, როგორ ფიქრობთ, რა გარანტიები შეიძლება მთავრობამ მისცეს საზოგადოებას მომავალი არჩევნების სამართლიანად ჩატარებასთან დაკავშირებით, იმის გათვალისწინებით, რომ კერძო მედიასაშუალებები ამჟამად ქვეყანაში არ მუშაობენ?

პასუხი: როგორც მოგეხსენებათ, ხვალ საქართველოში მოიხსნება საგანგებო მდგომარეობა და მომავალი კვირიდან პრაქტიკულად იწყება საარჩევნო პროცესი, შესაბამისად, ყველას ექნება თავისი აზრის თავისუფლად გამოხატვის საშუალება. ჩვენ მოვიწვიეთ ეუთოს ჯგუფი გრძელვადიანი მონიტორინგისათვის, ისინი სრულად დააკვირდებიან საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესს, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ბულგარელი ჟურნალისტის კითხვა საქართველოს პრემიერ-მინისტრს: მინდა გკითხოთ, ყველა მედიასაშუალება განაახლებს თუ არა ხვალიდან მუშაობას და მათ რიცხვში თუ იქნება ტელეკომპანია ,,იმედი"?

პასუხი: ,,იმედი"-ს ტელევიზიასათან დაკავშირებით მხოლოდ ის შემიძლია მოგახსენოთ, რომ მიმდინარეობს გამოძიება.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი